ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომელ სამინისტროს გაუშვებენ ბიუროკრატიულ სასაკლაოზე: სამინისტროების შეკვეცის ინიციატივა

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ თანხების დაზოგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების საშუალება „უპორთფელო სამინისტროების გაუქმებაა”. მას შემდეგ, რაც ქადაგიძე სამინისტროების შეკვეცის ინიციატივით გამოვიდა, ინიციატივამ ხელისუფლებაში და მის გარეთ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არცერთ ევროპულ ქვეყანაში. თავის დროზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურა გაერთიანდა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელი გახდა სასჯელაღსრულების გამოყოფა. ახლა კი, როცა პროკურატურა აღარ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეგვიძლია სასჯელაღსრულება მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გადავცეთ განათლების, ან თავდაცვის სამინისტროს. შეგვიძლია გავაუქმოთ კულტურის სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთია. თავისუფლად არის შესაძლებელი სამინისტროების რიცხვის განახევრება.” – თქვა ქადაგიძემ გადაცემა „არჩევანის” ეთერში.

მისი განმარტებით, ამ გზით საქართველო ასობით მილიონ ლარს დაზოგავს.

„სულ რომ არაფერი ვქნათ და ამ თანხით შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, პრაქტიკულად გავალთ ძალაინ ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე”. – აცხადებს ქადაგიძე.

მაშინ, როცა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი ბიუროკრატიული თანხების შემცირებაზე საუბრობს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალი სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც სამინისტროებსა და სააგენტოებს გააკონტროლებს.

„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას“ – ამცნო საზოგადოებას პრემიერმა.

სანამ მთავრობა ახალ აპარატს ქმნის და წინასაარჩევნოდ პარტიის მხარდამჭერთა დასაქმებას გეგმავს, ექსპერტთა ნაწილი დადებითად აფასებს ქადაგიძის ინიციატივას. “მეტრონომთან” საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება აუცილებელია, თუმცა, შარაშენიძეს უჭირს დაასახელოს კონკრეტული სამინისტროები, რომელსაც გააუქმებდა.

“მაინცდამაინც ინტეგრაციის სამინისტროს უნდა მივახტეთ? საერთოდ ძალიან გაბერილია ბიუროკრატიული ხარჯები. სახელმწიფო მინისტრის აპარატები პრინციპში შეიძლება სხვა სამინისტროებს შეუერთდნენ. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ყველაზე დიდი დამსაქმებელია სახელმწიფო სექტორი, ასე კი ეკონომიკა ვერ განვითარდება. სახელმწიფო ხელოვნურად ასაქმებს ხალხს. სულ არაფერს სჯობს, მაგრამ ეს ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, მეორეს მხრივ, არჩევნების წელია და არ მგონია, მთავრობამ შეამციროს ხალხი. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გავაერთიანებდი.” – განაცხადა შარაშენიძემ.

სამინისტროების გაუქმების საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი გამოეხმაურა.

“მეც იმ აზრზე ვიყავი, რომ თავიდანვე უნდა გაუქმებულიყო, რათა ამ დარგს მისცემოდა მყარი განვითარების საშუალება. დღეს მიმაჩნია, რომ ვართ იმ დონეზე, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში” – ამბობს კახიშვილი.

სამინისტროების განახევრების ინიციატივა პოპულისტურია. ასე აფასებს ამ ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა.

„მექანიკური შემცირება პოლიტიკური განაცხადია. რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობის დანახარჯებს, 2011-2012 წლებში, ქადაგიძის მოღვაწეობის პირველ ნახევარში 169 მილიონი ლარით გაიზარდა სახელმწიფო მმართველობის დანახარჯები. 2010 წელს მან ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში თქვა, რომ სახელმწიფო დანახარჯები ეკონომიკის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია, დღეს ის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. 2013-2014 წლებში 125 მილიონი ლარით შემცირდა სახელწიფო მმართველობის ზრდის დანახარჯები. 2015 წლის 3 კვარტალში 75 მილიონი ლარით ნაკლები იყო, ვიდრე 2012 წლის 3 კვარტალში” – აცხადებს დუნდუა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ინიციატივით მიმართავს კვირიკაშვილს, რომ ხარჯებისა და სამინისტროების შემცირების საკითხზე დისკუსია დაიწყოს.

“სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ ცენტრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები წარმოვადგინოთ. ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც ეხება მთავრობის სტრუქტურის შემცირებას და სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ინიცირება მხოლოდ მთავრობის დისკრეციაა. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, რომ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც მას აწყობს, დავიწყოთ და გავხსნათ ამ თემაზე დისკუსია. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ასეთი ტიპის ფორმატში. ჩვენ ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ისე სიღრმისეულად გააზრებული და დეტალურად დათვლილი ციფრებში, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რამდენი სამინისტრო უნდა დარჩეს, როგორც ჩვენ”. – აცხადებს ჯაფარიძე.

სამინისტროების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეც.

„არ ვიცი, რას საუბრობდა და საუბრობს გიორგი ქადაგიძე. მე შემიძლია გითხრათ, რას საუბრობენ ჩვენთან გუნდში. რაზე საუბრობს ბატონი პრემიერ-მინისტრი. ზოგადად, სამომავლოდ, შესაძლებელია, მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რამდენი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმაში, ამაზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ”, – განაცხადა კალაძემ.

“მეტრონომთან” საუბარში ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც სამინისტროების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს.

“ქადაგიძის ინიციატივას ვეთანხმები, მან ჩამოთვალა კიდეც სამინისტროები, რომლებიც უნდა გაუქმდნენ. მეც უკვე რამდენიმე წელია იგივეს ვამტკიცებ. ჩვენი ზომის სახელმწიფოს არ სჭირდება ამხელა ბიუროკრატია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმდეს კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის. აუცილებლად უნდა გაუქმდეს ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო, გაურკვეველია საერთოდ რისთვის არის შექმნილი, ასევე გაურკვეველია ვის ასაქმებს და რატომ. ეს არის ფულის წყალში ყრა და მეტი არაფერი. ასევე უნდა გაუქმდეს მომცრო ზომისა და მომცრო ფუნქციების სამინისტროები, რომლებიც არ აკეთებენ ისეთ არაფერს რასაც ვერ გააკეთებს ჩვეულებრივი სააგენტო რეგიონალურ დონეზე. ჩვენ გვჭირდება იმ ტიპის ადმინისტრაციული ეფექტურობა, რომელიც ადგილზე უნდა იცვლებოდეს და არა  თბილისში. შესაბამისად, ძალიან ბევრ შემთხვევაში უნდა გადავიდეთ ლოკალურ სააგენტოებზე, რომლებიც რეგიონალურ საკითხებსადგილზე გადაწყვეტენ სხვადასხვა მიმართულებით და არ ისხდებიან თბილისში. ქადაგიძის სიის მოზრდილ ნაწილს ვეთანხმები. რაც წავიკითხე თითქმის იდენტური აზრი მაქვს მის მიერ შემოთავაზებულ გაუქმების იდეაზე. წინასაარჩევნო პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება ბუნებრივია არ მოხდება. ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა ზოგადად. მე როდესაც ვსაუბრობ სამინისტროების გაუქმებაზე, არ ვლაპარაკობ ხალხის გაშვებაზე. მარტივი მიზეზის გამო, მე საერთოდ სხვა წყობის მომხრე ვარ, სადაც დასაქმებული იქნება კიდევ უფორ მეტი ადამიანი. მომხრე ვარ მაქსიმალური თვითმმართველობის, შეიძლება ამას ფედერალური ფორმა ეწოდოს, შეიძლება არც ეწოდოს. როდესაც გაუქმდება გარკვეული სამინისტროები და როდესაც მაქსიმალურად გვეყოლება პოლიტიკური ერთეულები შიგნით, რომლებიც საკუთარ ფინანსებს თავად განაგებენ, პირიქით, მოხდება კიდევ და კიდევ მეტი ადამიანის დასაქმება. როდესაც ვსაუბრობ სამინისტროების გაუქმებაზე, იქიდან წამოსული ხალხი სხვაგან იქნებოდა საჭირო, რომ ადგილზე გადაჭრან რეალური პრობლემები. დღევანდელ ქართულ კონტექსტში, შეუძლებელია ქადაგიძეს არ დაეთანხმო. ძალიან ნათელია, რომ ჩვენი ბიუროკრატიული აპარატი ძალიან მოუქნელი, ძალიან დიდია. ეს სიდიდე სხვა პრობლემებსაც იწვევს ერთმანეთთან, არ აქვთ გამართული კომუნიკაცია. ამ ყველაფერზე კი ძალიან ბევრი ფული იხარჯება”. – აცხადებს გეგელია.

სავარაუდოდ, მთავრობა 2017 წელს, 5 წლიანი გარანტირებული მანდატის პირობებში დაუბრუნდება სამინისტროების რეფორმირების საკითხს. გაუქმდება თუ არა კულტურის, სპორტის, სასჯელაღსრულების სამინისტროები “ქართული ოცნების” კოალიციის მიერ, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. თუმცა, ხელისუფლება 2016 წელს კიდევ უფრო მეტი პარტმუშაკის დასაქმებას რომ გეგმავს ბიუჯეტის ხარჯზე, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....