რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულის ადვოკარტმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.
ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გარყვნილი ქმედების 6 ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ის 3 ეპიზოდში გამართლდა, 3-ში კი გამტყუნდა. ის მხოლოდ ერთადერთი მოწმისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე გამტყუნდა, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მინიმალური სასჯელი, 8 წელი მიესაჯა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ ჩვენება ერთ-ერთი დაზარალებულის თხოვნით მისცა და გააზვიადა ის, რაც გაკვეთილის პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო, დანარჩენი უკვე გამოძიებამ გააზვიადა და გაამძაფრაო. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელი შუა გაკვეთილზე შეეხო მხარზე, თავზე, წელზე და საჯდომთან და თითქოს ტიროდა, თუმცა შემდეგი გაკვეთილის მასწავლებელი აცხადებს, რომ წინ ეჯდა ეს მოსწავლე და მას არაფერი შეუნიშნავს.
შეგახსენებთ, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.