რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის სვატოვოს რაიონში სულ უფრო დაუცველი ხდებიან. ამავდროულად, სარდლობას სურს, შეინარჩუნოს კონტროლი ქალაქზე, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ რუსული ძალები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ნაწილობრივ დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტების მიერ სვატოვოს გარშემო, ლუგანსკის რეგიონში.
„სვატოვოს სექტორი, სავარაუდოდ, ახლა რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, განიხილავენ სვატოვზე კონტროლის შენარჩუნებას პოლიტიკურ პრიორიტეტად, რადგან ის საკმაოდ დიდი ქალაქია ლუგანსკის რეგიონში.
„ამავდროულად, მეთაურებისთვის, ალბათ, საკმაოდ რთულია საიმედო თავდაცვის შენარჩუნება, ასევე, მეთაურები ცდილობენ დონეცკის სამხრეთით შეტევითი ოპერაციების რესურსის მოპოვებას“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.