მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იძულებით მიაღებინეს.
როგორც მეუფე ზენონი აღნიშნავს, პროცესებს მის წინააღმდეგ მართავს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი და ასევე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
„პატრიარქთან დაახლოებით, 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ და დაეთანხმებინათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ეს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან, ამის შესახებ ვილაპარაკებ. წინასწარ ერთი რამ ცნობილია – აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, სამწუხაროდ; ასევე, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მინდა, ეს წერილი მივიღო და ვნახო რა წერია, ხოლო შემდეგ იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები. გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება”, – აცხადებს მეუფე ზენონი “მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა და მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა შეუნარჩუნდა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება.