„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობი“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როცა ლენინი ქმედუუნარო იყო, მის პარტიაში მიმდინარეობდა შიდა ბრძოლები, ვინ უფრო ახლოს იყო ლენინთან. იგივე ხდება ახლა ენმ-ს წევრებისა და სააკაშვილის შემთხვევაშიც.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ღირებულებებზე ან სტრატეგიაზე კი არ არის დაპირისპირება, არამედ გავლენაზე მხოლოდ გავლენისთვის. ამ შემთხვევაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პრობლემა არის ის, თუ რა არის პოლიტიკური სტანდარტი და რის დამკვიდრებასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუწყო ხელი. ეს ერთი ერთში ჰგავს „ქართული ოცნების“ მიდგომას ივანიშვილის მიმართ. ყველა მხარე კამათობს იმაზე, თუ ვინ არის ახლოს სააკაშვილთან. აქაც ხომ იგივე გვესმის – „ბატონი ბიძინა… ბიძინა“. მათივე თქმით, თითქოს სააკაშვილი არ მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ თან ერთმანეთთან ჭიდაობაში მხოლოდ მისი სახელი არის არგუმენტი, ბიძინაზეც ხომ ასეა, თითქოს არაფერ შუაშია. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი. კაკო ბობოხიძემ სწორად გაიხსენა – ლენინი რომ ქმედითუუნარო იყო, შიდა ბრძოლა იყო და ყველა მის სახელს იყენებდა ამ პარტიაში. ეს დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისთვის ევროპული განვითარებისთვის. ეს არის დასავლურის საპირისპირო განვითარება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.