ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის არის ის, რომ ოცნება რუსეთთან ფრთხილია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალება „France inter“ – ს ინტერვიუ მისცა. ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და მასთან მიმართებით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მასსა და მთავრობას შორის განსხვავება არის ის, რომ ოცნება რუსეთთან ფრთხილია, თავად კი ამ სიფრთხილეს არ იზიარებს.

„ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთიდან ომსა და ნაწილობრივ მობილიზაციას გამოქცეულ რუს მოქალაქეებზე.

„მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით.

არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილს ასევე ჰკითხეს რუსეთის მოქალაქეების საქმიანობაზე საქართველოში, რაზეც მან უპასუხა:

„ბევრი მათგანი IT სფეროშია, ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ რას იმეორებენ აქ ყველგან, მე ვიტყვი, ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რადგან ჩვენი ბანკები არიან როგორც ამბობენ ultra compliant, ამიტომ ისინი (რუსები) იძულებულები არიან ნაღდი ფულით ჩამოვიდნენ, ეს თანხა ეყოფათ თუ არა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობა დგას უკრაინის გვერდით, მთავრობა კი ძალიან ფრთხილობს, ხოლო თავად უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით ექსპრესიულია.

ცხადია არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ომის საკითხი, საბოლოოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

იტვირთბა....