„სააკაშვილს ოფიციალურად დღისით, მზისით კლავენ, ვაი, „ქართულ ოცნებას“! წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით!“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში შემდეგი არჩევნები ემიგრანტების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.ასევე, „ნაცმოძრაობამ“ ინტენსიური უნდა გახადოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.
„მოსალოდნელი იყო და ყველა ელოდებოდა იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც პროცესები იქნებოდა. ამაში ვერანაირი ტრაგედიას ვერ ვხედავ. მთავარი აქ ის კი არ არის რომ ეს ხდება, მთავარია ამ ცვლილებების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ გაძლიერებული გამოვა თუ დასუსტებული. იმედს ვიტოვებ, გაძლიერებული გამოვლენ.
ერთადერთი საკითხი, ქართული ოპოზიცია რაზედაც უნდა შეთანხმდეს და ამას უნდა მიაწვეს ბოლომდე არის ის, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს ემიგრაციის ხმის მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ განადგურებული იქნება არჩევნებში.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მასშტაბებით და მოცულობით შეუძლია ამას მიაღწიოს. „ნაცმოძრაობამ“ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დღისით, მზისით ეს ხელისუფლება კლავს.
დაველოდოთ სასამართლოს, ძალიან სერიოზული და მძიმე დასკვნები დაიდება. შეიძლება ამ ხელისუფლების ზოგიერთი წევრები, სააკაშვილზე მოპყრობის გამო ციხეში წავიდეს. ძალიან მძიმე ამბები ხდება. ვაი, „ქართულ ოცნებას“! წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით, მაგ თქვენ ბიძინას დაასანქცირებენ და ბრინჯივით გაიფანტებით!
მიშა ამ სახით, რა სახითაც ქართული პოლიტიკა არსებობს, ამაში ჩარევას არასოდეს არცერთი პირობით აღარ აპირებს. მიხეილ სააკაშვილი წონადი პოლიტიკური ფიგურაა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.