გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრი, ოლივერ ვარჰეი, საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.
ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ:
“ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველომ ივნისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი, პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მისი განხორციელების გზასთან დაკავშირებული განხილვა, მეორე მიზეზი კი არის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენს პროექტებთან ერთად”, – განაცხადა მან.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაცაა დაგეგმილი. ევროკომისარი ასევე შეხვდება პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს.