ახალი ამბები საზოგადოება

“ნაციონალურმა“ და „ქოციონალურმა“ პარტიებმა უნდა გადა*ფსან ერთმანეთს…“ – რა დაიბარა ნოდარ ნათაძემ

93 წლის ასაკში ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა. „ალიას“ ოქროს არქივში მისი უამრავი ინტერვიუ ინახება. ეს, რასაც ახლა წაიკითხავთ, ნოდარ ნათაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუა, სადაც კარგად ჩანს მისი თითქმის ყველა პოზიცია, რაც სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა.

2015 წლის 7 დეკემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი ღვაწლისთვის, პირველი მოწვევის პარლამენტის სამი დეპუტატი – ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე და გიორგი ხოშტარია ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. „ალიას“ ინფორმაციით, საზეიმო კულმინაციის ბოლოს თბილისის საკრებულოს დარბაზი სხვებზე ადრე დაუტოვებია ღირსების ორდენით ახლად დაჯილდოებულ ბატონ ნოდარ ნათაძეს. გასასვლელში „ზეიმით“ გაკვირვებულ ერთ-ერთ თანამონაწილეს უკითხავს: მიბრძანდებით, ბატონო ნოდარ, მოგილოცოთ?.. ბატონ ნოდარს უთქვამს, მე ორდენი უკან დავუბრუნე პრეზიდენტს, დამარცხებული ქვეყნის ჯარისკაცები ჩინ-მედლებსა და ორდენებს არ იკიდებენ-თქო.

– ბატონო ნოდარ, ხალხი ქვეყანას იკიდებს და თქვენ რომ „ღირსების ორდენი“ დაგეკიდებინათ, ვითომ რა მოხდებოდა?

– მე პრეზიდენტს იმიტომ კი არ დავუბრუნე, რომ პირადად რაღაც პრეტენზია მქონდა… არც ბრალდებები წამიყენებია ხელისუფლების რომელიმე შტოსთვის. მე ჟანრობრივად არ მეკუთვნის, ეს ორდენი მომცეს საპარლამენტო მოღვაწეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვმონაწილეობდი საპარლამენტო საქმიანობაში, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც დამარცხებად მიმაჩნია. 25 წლის განმავლობაში პარლამენტმა ვერ დაიცვა საქართველო თავისი კანონმდებლობით – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კრინტი არ დაუძრავს, ყარსის ხელშეკრულებაზე კრინტი არ დაუძრავს, აზერბაიჯანსა და სომხეთს რომ აქვთ ჩვენი ტერიტორიები, ამაზე ხმა არ ამოუღია, სოჭი რომ აქვს რუსეთს წაღებული, არც ეს გახსენებია ვინმეს. ამიტომ მე არ ვარ ისეთი ჯარისკაცი, რომელიც წაგებული ბრძოლისთვის მიიღებს ორდენს.

– კი, მაგრამ ეს ხომ პიროვნული ღირსებისთვის მოგცეს?

– რა შუაშია პიროვნება, როცა საპარლამენტო საქმიანობისთვის მომცეს? პარლამენტმა, უკეთეს შემთხვევაში, დეზერტირობა ჩაიდინა.

– როგორც ვიცი, მაგ დროს ერთჯერად თანხასაც აძლევენ ხოლმე, 500-1000 ლარს, გააჩნია, პრეზიდენტი როგორ ხასიათზე იქნება.

– არ ვიცი, ჯანდაბას, გადააფსან ერთმანეთს.

– თქვენ პირდაპირ მარგველაშვილს დაუბრუნეთ?

– კი, მივედი და ჩემი მოტივი დავუსაბუთე.

– მერე, რა თქვა?

– რა უნდა ეთქვა, არაფერი.

– მარტო თქვენ დააბრუნეთ, სხვებმა შეირგეს, ხომ?

– არა, მარტო მე დავაბრუნე.

– თქვენ ამჟამად რას საქმიანობთ, პოლიტიკას საერთოდ ჩამოსცილდით?

– პოლიტიკაში ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ არც ფული გაქვს და არც ტელევიზია. მე არც ერთი არ მაქვს, ვზივარ 24 საათი და ვმუშაობ პოლიტიკური მიმართულებით.

– წიგნებს წერთ?

– წიგნებსაც ვწერ და სტატიებსაც, ათასში ერთხელ ლექციების წასაკითხადაც მეძახიან.

– თქვენი „სახალხო ფრონტი“ დაშლილია?

– არა, ვმუშაობთ უფულოდ და უტელევიზიოდ.

– 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობასაც ხომ არ აპირებთ?

– კი, ვაპირებთ… მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეიქმნას ფართო ეროვნული კოალიცია, რომელიც ამ ორივე ყალბ პარტიას პანღურს ამოჰკრავს ერთ ადგილას!

– ყალბი პარტიები რომლებია?

– „ნაციონალური“ და „ქოციონალური“, ამათაც უნდა გადააფსან ერთმანეთს… ამ „ოცნების“ საქმე იცით, როგორაა? ერთი კაცი მივიდა ოპერაში, სოლისტად ამიყვანეთო. ხმა გაქვსო? არაო. სმენა გაქვსო? არაო. აბა, რა გაქვსო? დილიხორი მაქვსო! მარტო დილიხორით პოლიტიკაში ძრომიალი არ შეიძლება, კიდევ რაღაცა უნდა გქონდეს.

– დილიხორს რომ ფული დავამატოთ, მაინც არაფერი გამოვა?

– ფული დიდ რამეს ნიშნავს, მაგრამ სხვა რაღაცებიც არის საჭირო. ფულით და დილიხორით პოლიტიკაში რომ უნდა იყო, მე ბუნების ასეთ კანონს არ ვცნობ.

– „ოცნების“ რა არ მოგწონთ? თქვენი აზრით, რა დააშავა?

– შეინარჩუნა არჩევნების გაყალბების სუპერკომბინატი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და დღესაც მუშაობს, არც ერთი გამყალბებელი არ დაუჭერიათ, არიან ადგილებზე და ისევ მუშაობენ, როგორც ეტყვიან, ისე იქცევიან. ამათ სისტემა აქვთ შემოღებული, არის ორი პარტია, ვითომ დაპირისპირებულები, ამას – 60 პროცენტი, იმას – 40 პროცენტი, მერე მეორე არჩევნებზე პირიქით გააკეთებენ. არ აღადგინეს სამართლიანობა, ზოგი ამბობს, დაგვიანდაო, დაგვიანება არ არსებობს, არ უნდათ და მორჩა. მაგალითად, სასამართლო არ იცვლება არა მარტო იმიტომ, რომ არ უნდათ, კადრებიც არ ჰყავთ. პრინციპში, ახლა სიტუაცია ძალიან იცვლება და რაღაც სასიკეთო ძვრებს უნდა ველოდოთ.

– კონკრეტულად რა მხრივ იცვლება?

– რუსეთი მარცხდება, თურქეთი მარცხდება, გეოპოლიტიკაში მიდის ცვლილებები, ჩვენ უკვე საჭირო ვხდებით. ნახეთ, რუსებმა 2016 წელი რატომღაც გამოაცხადეს რუსთაველის წლად, იმიტომ კი არა, რომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ მოსწონთ, მაგათ სხვა გათვლები აქვთ, უკვე ვჭირდებით.

– სადღაც წავიკითხე, მგონი, პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლსაც დგამენ.

– საქართველომ რუსებს არ უნდა მისცეს ამის უფლება. მე არ მინდა, კაციჭამიების ქალაქში ჩემი პოეტის ძეგლი იყოს…

2015 წელი, ავტორი გელა ზედელაშვილი

წყარო: ალია

იტვირთბა....