ფარმაცევტულმა კომპანია „ჯიპისიმ“ ახლახანს გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება ინტერნეტ გაზეთ „მეტრონომის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას სათაურით – “წამლებზე „ჯიპისის“ 300%-იანი ფასნამატი და კაბალისტი „კოლექტიური მონოპოლია“.
განცხადებაში „ჯიპისი“ განმარტავს, რომ გამოძიებაში ნახსენები ორი მედიკამენტი Gonal-F და Crainon დღეისათვის, ღირს შესაბამისად, 65.6 და 116 ლარი.
ჟურნალისტურ გამოძიებაში მოტანილი ციფრების კიდევ ერთხელ გადასამოწმებლაკ„მეტრონომი“ ახლახანს დაუკავშირდა „ჯიპისის“ ერთ-ერთ აფთიაქს (ჩვენი საუბარი ჩაწერილია), სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული პრეპარატების ფასებია 82 ლარი და 145 ლარი. ამის შემდეგ, ქალბატონმა საუბრის დროს გვითხრა, რომ თუ ზღარბი ბარათი არ გაქვთ, ფასდაკლება არ მოქმედებს. ასე რომ, აღნიშნული ინფორმაცია თავად „ჯიპისის“ თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს.
„მეტრონომს“, ასევე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც ამ მედიკამენტების ხშირი მომხმარებელია, განუცხადა, რომ ადრე აღნიშნულ მედიკამენტებზე ზღარბი ბარათით ფასდაკლება არ მოქმედებდა. როგორც ჩანს, ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ჯიპისის“ ადმინისტრაციაში შესაბამისი, სერიოზული ღონისძიებები გაატარეს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ჟურნალისტურ გამოძიებაში „მეტრონომმა“ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დაასაბუთა, რომ წამლებზე ფასნამატი საშუალოდ 300%-ია. აღნიშნულ სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში.