“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებს პარტიის გაძლიერების სურვილი ამოძრავებთ. მისი თქმით, როცა ნიკა მელია აირჩიეს, სულ სხვა ამოცანები იდგა, დღეს სხვა ამოცანებია.
“ჩვენ როცა ნიკა მელია ავირჩიეთ, პარტიის წინაშე იდგა სულ სხვა ამოცანები, ახლა დგას სულ სხვა ამოცანები. ამ მიმართულებით გვჭირდება ნაბიჯები გადავდგათ. სიამოვნებით მოვისმენ ყველა კანდიდატის მოსაზრებას. მე ნამდვილად არ ვიქნები თავმჯდომარის კანდიდატი. მხარს დავუჭერ იმას, ვისაც ექნება კარგი გეგმა. ამ თემაზე რომ პარტიაში ყველა დონის ელექტრონული არჩევნები გამართულიყო, მსჯელობა მიდიოდა, უბრალოდ, დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა, ახალგაზრდებმა, საინიციატივო ჯგუფმა ეს გააჟღერა საჯაროდ, ჩემი ინფორმაციით, ამის წინააღმდეგი არავინ არის. როგორ შეიძლება იყო წინააღმდეგი სხვადასხვა თანამდებობაზე ფართო ჩართულობით არჩევის. როგორ შეიძლება წინააღმდეგი იყო, რომ თანამებრძოლებს, რომლის იმედიც უნდა გქონდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, შეუზღუდო მონაწილეობა პარტიულ ცხოვრებაში. დღეს ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები, ვითხოვთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები და რატომ უნდა ვიყოთ პარტიაში ფართო ჩართულობით ელექტრონულად იყვნენ ადამიანები არჩეული,”- განაცხადა კირკიტაძემ.