იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი, სწავლის წლიური გადასახადი: 7900 ლარი – ეს სკოლა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ეკუთვნის. „მეტრონომი“ ბიზნესმენის სკოლით მას შემდეგ დაინტრესდა, რაც ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ სიმწრით, რასაც ის უცხოეთში ფულს შოულობს, ჩამოაქვს, რათა ეს სკოლა დააფინანსოს, თავისი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კი მხოლოდ 500-800 ლარს ახდევინებს.
“სიმწრით რასაც უცხოეთში ფულს ვშოულობ, ჩამომაქვს, რომ ეს სკოლა დავაფინანსო როგორც შემიძლია. მე ვიხდი მილიონ ლარს წელიწადში, თუმცა მახრჩობს და მიჭირს და მშობლებს ვახდევინებ 500-800 ლარს. ამას იმიტომ კი არ გიყვებით, რომ თავი მოგაწონოთ, ეს არის ჩემი ჯვარი, ჩემი ცხოვრება”, – განაცხადა ვასაძემ.
სკოლა, რომელზეც ვასაძე საუბრობს, კიკეთში მდებარეობს. აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამ ინდივიდუალურ კორპუსს. შენობები აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კაბინეტებით და ლაბორატორიებით, ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამლოცველო, სასადილო და სამზარეულო, ექიმის კაბინეტი, ფსიქოლოგის ოთახი. სკოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემები, 24-საათიანი დაცვის სამსახური.
სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნით, გასახდელებით, საშხაპითა და ინდივიდუალური კარადებით. სკოლას აქვს ღია, ხელოვნური და ბუნებრივი საფარის მოედნები, ჩოგბურთის კორტი, ძიუდოს დარბაზი, საცურაო აუზი, რაგბის კომპლექსი.
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მისიაა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ მზრუნველ, შემოქმედებით და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, შემწყნარებელი და წარმატებული პიროვნება. სასწავლებელში ერთსულოვნად, ერთ ოჯახად, ერთი ღირებულებების საზოგადოებად ცხოვრების მსურველი ადამიანები მოღვაწეობენ, რომელთაც ასევე აერთიანებთ საკუთარი საქმის უზადო ცოდნა და სურვილი: აღუზარდონ სამშობლოს ღირსეული შვილები. დღის მეორე ნახევარი სკოლაში ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას, შემეცნებითი და სპორტული წრეების მუშაობას“ – ვკითხულობთ სკოლის ოფიციალურ საიტზე.
როგორც „მეტრონომს“ სკოლაში განუცხადეს, თითოეული ბავშვისთვის სწავლის გადასახადი წლიურად 7900 ლარია, ხოლო თუ ბავშვი სხვა სკოლიდან აღნიშნულ სასწავლებელში მეცხრე კლასში გადავა, სწავლის საფასური უკვე 9000 ლარს შეადგენს. როგორც „მეტრონომს“ სკოლის ადმინისტრაციაში უთხრეს, სასწავლებელში სულ 150 ბავშვი სწავლობს.
როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის სკოლას, მარტივი გათვლებით, წლიურად 1 185 000 ლარის შემოსავალი აქვს. უცნაურია, როცა ბატონი ლევანი საუბრობს გაჭირვებასა და ქველმოქმედებაზე, არადა, საკმაოდ სერიოზული, მიმზიდველი და მართლაც სარფიანი ბიზნესი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად და სასარგებლოდ ისახება ქვეყნის ბიუჯეტზე, რაც სასარგებლოა ეკონომიკისთვისაც.
ნინო ცხადაია