თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი ბესლან მუხტაროვი საქართველოს მე-17 მოქალაქეა, რომელიც სირიაში დაიღუპა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა და შემდეგ, ყარაჯალაში მუხტაროვების ოჯახმაც დაადასტურა.
თურქული გამოცემა Ummet Islam-ის ცნობით, სტამბოლის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი მუხტაროვი, ლატაკიას პროვინციაში, სირიის-თურქეთის საზღვარზე მდებარე თურქმანების მთების ტერიტორიაზე, რუსეთის ავიაციის დაბომბვას შეეწირა. ეს ჯერ კიდევ, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მომხდარა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.
კახეთის ყველაზე დიდ სოფელში დაბადებული და გაზრდილი, ეთნიკური აზერბაიჯანელი 28 წლის ბესლან მუხტაროვი თურქული მედიის ცნობით, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ წევრი იყო და ძირითადად, დაჭრილ მებრძოლებს მკურნალობდა. ყარაჯალის მკვიდრი მამედ სულეიმანოვი ამბობს:
“მამამისს ვესაუბრე, მაინტერესებდა სოფელში ეს ხმები რომ დადიოდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. მითხრა, რომ ჩემი შვილი სწავლობდა თურქეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტშიო, მერე არ ვიცი რა მოხდაო, იქედან გადასულა სირიაშიო და როგორც მაცნობეს დაიღუპაო.“
თურქულ პრესაში, საქართველოს მოქალაქე ბესლან მუხტაროვის სახელმა პირველად, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში გაიჟღერა. რამდენიმე თურქული გაზეთი წერდა, თუ როგორ დაუნგრიეს თურქულმა სპეცსამსახურებმა ცხოვრება უაღრესად ნიჭიერ სტუდენტს საქართველოდან, რომელმაც 2010 წელს, თურქეთში მისაღებ გამოცდებზე, ქულების მაქსიმალური რაოდენობა (100%) დააგროვა.
გამოცემა Medyagundem-ის ცნობით, თელავიდან ჩასულმა მუხტაროვმა თურქეთში სახელმწიფო გამოცდებზე, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ერთ-ერთ პრესტიჟულ, სტამბოლის ჯერაჰ ფაშას სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ნიჭიერი სტუდენტის ცხოვრება, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ერთმა უცნაურმა ისტორიამ დაარღვია. 2010 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ხმელთაშუა ზღვაში, ღაზას სექტორში მიმავალი, თურქეთის „თავისუფლების ფლოტილია“ სამხედრო ძალის გამოყენებით შეაჩერა (რასაც 9 თურქი აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა), ბესლან მუხტაროვზე სტამბოლის პროკურატურაში შევიდა საჩივარი, რომ მან ერთ-ერთი სტუდენტური პოლემიკის დროს, ისრაელის პოზიცია დაიცვა.
ამ ბრალდებას მოჰყვა თურქეთში, გამოძიების დაწყება ბესლან მუხტაროვის რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან შესაძლო კავშირის დადგენის მიზნით. Medyagundem-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ თვიანი გამოძიების მანძილზე, არცერთი ბრალდება არ დადასტურდა, მუხტაროვი სტამბოლის უნივერსიტეტიდან მაინც გარიცხეს და 2011 წელს, თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოში გამოაძევეს.
მუხტაროვი, ბოლო წლებში, არაერთხელ შეეცადა საკუთარი შელახული უფლების აღდგენას, თუმცა უშედეგოდ. 2015 წლის ოქტომბერში კი, როცა ოთხწლიანი დეპორტაციის ვადა გაუვიდა, იგი კვლავ გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. თუმცა, როგორ და ვისი დახმარებით აღმოჩნდა სირიაში, თურქეთის მიერ მხარდაჭერილ თურქმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე უცნობია.თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ყარაჯალაში ალასკარ სარდაროვი ამბობს:
‘სად დაიღუპა, როგორ დაიღუპა, ამის გასაგებად, მაშინვე მივმართე მამამისს, დამიდასტურა რომ დაიღუპა ჩემი შვილი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სად დაიღუპაო. მე ისიც ვკითხე, რატომ არ მოიკითხეთ, თურქეთშია თუ სად არის მეთქი, მოვიკითხეთ და ვეღარ ვნახეთო.“
სირიაში და ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს 17 მოქალაქიდან: 14 პანკისის ხეობიდან იყო, თითო – გურიიდან, აჭარიდან და კახეთიდან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიაში გარდაცვლილთა წარმოშობის გეოგრაფია სოფელ ყარაჯალით გაიზარდა.
საქართველოში სიდიდით მეორე სოფელი, სადაც 9000-ს ადამიანზე მეტი ცხოვრობს, თელავიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ძირითადად, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. ისინი კახეთში მე-17 საუკუნეში გადმოსახლებულან.
საინტერესოა, რომ ყარაჯალაში ტრადიციულად აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ, სოფლის მთავარი მეჩეთი კი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაშია.
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016)
23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)
26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014)
24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი, 2016)
წყარო: “ამერიკის ხმა”