ზოგადად გაერთიანება და პარტიებთან თანამშრომლობა კარგია, სწორია და აუცილებელიც დღევანდელ დღეს, მაგრამ არჩევნებზე ყველა პარტიის ერთიანი სიით გასვლა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სამოქმედო გეგმა ჰქონდეთ.
„ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ და უნდა შევთანხმდეთ ერთობლივ მოქმედებებზე, არის საკითხები, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანია პარტიების შეთანხმება იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულება, ის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გვყავდეს და ბევრი მსგავსი ტიპის საკითხი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები რომლის გარშემოც პარტიები უნდა თანამშრომლობდნენ – არა ერთი, ორი, ან სამი, არამედ აბსოლუტურად ყველა, ვინც თვლის, რომ ევროპული გზა გადის მათ პარტიის ხედვაზე.
მიმაჩნია, რომ ერთობლივი მოქმედება, შეთანხმებული სვლები არის ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს ამაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს საერთო კალათაში სხვადასხვა პარტიას თავის ელექტორატთან მუშაობის შედეგად გაცილების მეტის მოტანა შეუძლია ვიდრე ყველა ერთად, რომ გავერთიანდეთ. ამ შემთხვევაში ბიძინასაც ხელს ვუწყობთ იმ თვალსაზრისით, რომ „აი, ხომ ვიძახდით ესენი ყველა ერთია, ერთი სახეა“ და მათთვის ამ ფორმაციის დამარცხება გაცილებით მარტივია და რატომ უნდა შევუწყოთ ხელი მე უბრალოდ არ მესმის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გზა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით განსხვავებულია. მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის შესაძლებლობას „ქართული ოცნება“ უზღუდავს, რადგან როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის პატიმრობაში ეს პოლიტიკური პარტია თავიდან ბოლომდე სხვა პროცესებში ვერ გადაერთვება.
„გინდა თუ არ გინდა, პრიორიტეტი და ნომერ პირველი ამოცანა არის ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნება, განსაკუთრებით საუბარია პარტიის დამფუძნებელზე და შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის მართლაც ეგზისტენციალური საკითხი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიშა სააკაშვილთან აბსოლუტურად სხვა ქიმიაა, ამომრჩეველი პირველ რიგში ამას გთხოვს და შესაბამისად, ჩვენი ფოკუსი სხვა საკითხებზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანურადაც არაფერში ჯდება. ასე რომ, ჩვენ ცოტა განსხვავებული გზა გვაქვს, ვიდრე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ საქმეს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა დოლიძემ.