თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნავთობისა და გაზის კომპანიების მოგებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ამერიკელი ხალხის გადასახადების ხარჯზე.
პრეზიდენტმა კომპანიებს მოუწოდა, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი.
ბაიდენის თქმით, ნავთობინდუსტრიამ არ შეასრულა ამერიკაში ინვესტირებისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულებები.
ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი ნავთობის და გაზის კომპანიები ამ მოგებას მომხმარებლებს გადასცემენ, საწვავის ფასი დაახლოებით 50 ცენტით შემცირდება.
„ისინი ამას თუ არ იზამენ, გადაიხდიან უფრო მაღალ გადასახადს თავიანთი ჭარბი მოგებისთვის და სხვა შეზღუდვების წინაშე დადგებიან. დროა, ამ კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.