საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედების გავრცელებაზე. სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი არ იქნება მიმართული კონკრეტული პიროვნებების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ. შესაბამისად, ის არ შეეხება არც ბიძინა ივანიშვილს.
“როცა ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებაში, რომ ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს მასზე გავლენები, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არ არსებობს ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არავითარი საფუძველი. გამოვრიცხავ რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე”, – აღნიშნავს სარჯველაძე.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის რეზოლუციაში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების თაობაზე.
“მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და რომელიმე ევროპარლამენტარი რომ მცდარ აზრს იტყვის იმიტომ, რომ ის ევროპარლამენტარისგან ნათქვამია, არ მიმაჩნია, რომ უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ. შინაარსობრივადაც შეგვიძლია ეს გავაანალიზოთ და აღმოვაჩინოთ, რომ არავითარი მიზეზი განცხადებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, არ არსებობს,”- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება განხილვა დეოლიგარქიზაციის კანონის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე.