საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი უახლოეს მომავალში ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” იუწყება.
„საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას, რათა ოთხივე ქვეყანამ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ სტრუქტურებს მიუერთდეს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გასულ კვირას საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ბაქო საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით 157 გვტ ელექტროენერგიის მიწოდებას გეგმავს.
მანამდე კი თბილისში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განიხილებოდა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საკითხი. ეს არის პროექტი,რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა რუმინეთი და უნგრეთიც მიიღებენ მონაწილეობას.