წარუმატებელი დიეტების შესახებ ყველას გვსმენია და ბევრ ჩვენთაგანს გამოგვიცდია კიდეც ის საკუთარ თავზე. თავიდან ყველაფერი შემართებით იწყება, თუმცა შემდეგ ფარხმალს ვყრით და დანაშაულის გრძნობით აღსავსენი, ვცდილობთ შემდეგ დიეტას უფრო მეტი ნებისყოფით მოვეკიდოთ. უკეთეს შემთხვევაში წონის სასურველ ნიშნულს ვაღწევთ, მაგრამ დაკარგული კილოგრამები უკან გვიბრუნდება, ჩვენ კი ახალი და უფრო “ეფექტური” დიეტით შეიარაღებულნი, ვემზადებით მორიგი შეტევისთვის. სამწუხარო, უამრავი ადამიანი ცხოვრობს ამ მოჯადოებულ წრეში და ხშირად მთელი მათი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა დიეტები, ან უდიეტობით გამოწვეული დანაშაულის გრძნობით აღსავსე პერიოდები.
სტატისტიკის თანახმად, ზედმეტი წონის მქონე ყოველი ადამიანი საშუალოდ წელიწადში ოთხჯერ მაინც არის დიეტაზე. იმავე სტატისტიკის მიხედვით ითვლება, რომ დიეტაზე მყოფ ადამიანთა 95 პროცენტი დაკარგულ წონას რამოდენიმე თვეში უკან იბრუნებს. მათგან ორი მესამედი კი სამწუხაროდ იმაზე მეტს იმატებს, რაც დიეტის დროს დაიკლო. როგორც პენსილვანიისა და ნიუ ორკის სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორები აღნიშნავენ, „ზედმეტი წონის მქონე ადამიანთა გარკვეული ნაწილი სამუდამოდ ნებდება პრობლემას და თავს ანებებს ბრძოლას, დანარჩენები კი გარკვეული შედეგების მიღწევის შემდეგ ორჯერ მეტს იმატებენ“.
აღნიშნული სტატისტიკა, თუ უამრავი მეცნიერული კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სიმსუქნე სერიოზული ფსიქო-ემოციური და ბიოლოგიური პრობლემაა, ინტერნეტში ასე უხვად გავრცელებული ჯადოსნური დიეტები კი მხოლოდ და მხოლოდ მითი.
ბუნებრივია, ლოგიკურად ისმის კითხვა იმის თაობაზე, რომ შედეგების მსგავს პესიმისტურ ფონზე, რატომ არის ამდენი „წარმატებით“ მოფუნქციონირე წონის კორექციის ცენტრი, ან ცნობილი დიეტოლოგების შესახებ რატომ გვამცნობს განუწყვეტლივ სხვადასხვა სარეკლამო პოსტი. რა თქმა უნდა, დიეტები უშედეგოა, წონაში კლება კი მულტიმილიონიანი ბიზნესი. გლობალური ბაზრის შემსწავლელი ფონდის ანგარიშის მიხედვით, წონის კორექციის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების შემოსავალი 586 მილიონი დოლარია, ყოველწლიური ზრდა კი ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 15 პროცენტს მიაღწევს.
რატომ არის დიეტები უშედეგო, ან რაში მდგომარეობს გამოსავალი? ფსიქოლოგები და წონის პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტები თვლიან, რომ დიეტების უარყოფითი გამოსავლის მიზეზი კომპლექსურია და მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ნომერ პირველი დამნაშავე კი, მიაჩნიათ, რომ თავად დიეტაა, რადგან „დიეტის კონცეფცია“ კვების რაციონის ცვლილებას მხოლოდ მოკლე დროით განაპირობებს და გრძელვადიან მყარ შედეგებზე არ არის ორიენტირებული. გარდა ამისა, დიეტა მავნე კვებითი ჩვევების ჯანსაღით ჩანაცვლებას არაფრით არ ემსახურება, იგი ზრდის შიმშილის ჰორმონის გრელინის პროდუქციას და ანელებს მეტაბოლიზმს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ დაკარგული კილოგრამები შემდეგ მეტობით ბრუნდება უკან. ალბათ გინახავთ ჭარბწონიანი ადამიანი, რომელსაც აღუნიშნავს, რომ ცოტას ჭამს, მაგრამ მაინც სუქდება. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ხშირი დიეტებით იმგვარად ზიანებდება მეტაბოლიზმი, რომ მცირეოდენი საკვებიც კი ცხიმად ლაგდება.
ჭარბ წონასთან ბრძოლა მულტი-სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიდგომას მოითხოვს. ჩვენს ტვინში ხშირად არასწორ პროგრამებს „ვტვირთავთ“’ და მსგავს შეცდომებს შესაბამისად პასუხობს სხეული. პირველ რიგში, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ უამრავი დიეტის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად დარჩება მანამ, სანამ სამუდამოდ არ ამოვიღებთ კვების რაციონიდან იმ პროდუქტებს, რომლებიც მავნეა და ცხიმის ჩალაგებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს რეალისტური შედეგი დავუსახოთ და ჯანსაღი კვებითი ჩვევების დანერგვის პროცესს ერთი წლის მანძილზე ეტაპობრივად შევუწყოთ ხელი. ყველასათვის ცნობილია, რომ ჭარბი წონის განმაპირობებელი მთავარი საკვები ნახშირწყლოვანი პროდუქტების (ცომეული, ტკბილეული, ბურღულეული) ჭარბი მოხმარებაა. ასევე ცნობილია ისიც, რომ ნახშირწყლოვან პროდუქტებზე ორგანიზმს ნარკოტიკისმაგვარი დამოკიდებულება უჩნდება. ამიტომ ყველაზე უპრიანი იქნება მსგავს პროდუქტებს ნელ-ნელა თუ შეამცირებთ და შემდეგ სულ ამოიღებთ მოხმარებიდან. თავდაპირველად, ეს რთული იქნება, თუმცა 6 თვის შემდეგ ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ არასასურველი პროდუქტები აღარც კი გახსენდებათ და ჯანსაღი საკვები ისეთივე სიამოვნების მომგვრელი გახდება, როგორიც იყო ის მანამდე, სწრაფი კვებისა თუ ნახშირწლოვანი პროდუქტები, რომელითაც იყო თქვენი რაციონის დიდი ნაწილი გადავსებული.
ჯანმრთელობა საჩუქარი არ არის და მას ისევე ჭირდება სწორი დაგეგმვა და ზრუნვა მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც სწავლა-განათლებას, კარიერას ან ოჯახს. დაგეგმეთ სწორედ და გახსოვდეთ – ჩვევები მარტივია დასარღვევად მანამ, სანამ ძალიან მყარი არ გახდება იმისათვის, რომ მისგან გადაუხვიოთ. იმუშავეთ სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე და ზედმეტი წონა არასოდეს შეგაწუხებთ!
მნიშვნელოვანი ფაქტები და რეკომენდაციები
შიმშილის ჰორმონის, გრელინის ჭარბ პროდუქციას ხელს უწყობს უძილობა. ამიტომ წონაში დაკლების მსურველთათვის მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება.
– ბევრი ადამიანისთვის კვება ემოციური ფაქტორით არის განპირობებული. იმუშავეთ იმ ჩვევის მოცილებაზე, როგორიც არის საკუთარი თავის საკვებით დაჯილდოვება მწუხარების, ან სიხარულის დროს.
– პროდუქტები, რომლებიც სამუდამოდ უნდა ამოიღოთ კვებითი რაციონიდან: ტკბილეული, ცომეული, შებოლილი პროდუქტები, ჩიფსები, ბურგერები, მაგდონალდსისა და KFC პროდუქტები, შემწვარი კარტოფილი, ტკბილი წვენები როგორც გაზირებული, ასევე ე.წ. ნატურალური წვენები.
– ფაფებისა და ბურღულეულის ნაცვლად, უმჯობესია დილით ცილოვანი პროდუქტებით ისაუზმოთ – მაგალითად 2-3 ცალი მოხარშული კვერცხი (პურის გარეშე).
– გამორიცხეთ ნებისმიერი საკვების მიღება საღამოს 6 საათის შემდეგ, მათ შორის ხილიც. ამ ჩვევის განმტკიცება 2-3 თვის მანძილზეა რთული. შემდეგ კი გვიან ჭამა, წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კი გახდება, იმდენად გადადის კვების ეს პატერნი ჩვევაში.
– ცხიმიანი პროდუქტები არ ასუქებს. ცნობილია რომ ცხიმი განაპირობებს გრძელვადიანი დანაყრების შეგრძნებას. ამიტომ თამამად მიირთვით ხორცეული და თევზეული პროდუქტები როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი.
– ბევრი ხილი იგივე ბევრი შაქარია. ხილის ზომიერად და შეზღუდულად მიირთვით, ისიც ჭამამდე 2 საათით ადრე, ან ჭამის შემდეგ 2 სააათში.
– ბურღულეული პროდუქტები (წიწიბურა, ჰერკულესი, ბრინჯი, სიმინდის ფქვილი) იგივე ნახშირწყლოვანი პროდუქტებია და მათი კალორიულობა იგივეა რაც პურის. ამიტომ მათი მოხმარება 50 გრამზე მეტი ( ნახევარი ჭიქა) დღეში, რეკომენდირებული არ არის.
– არ იხმაროთ ხელოვნური დამატკბობლები. ისინი ანელებენ მეტაბოლიზმს, ზრდიან შიმშილის შეგრძნებას, იწვევენ მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებას და ხელს უშლიან წონაში კლების პროცესს.
– მართეთ სტრესი. სტრესი იწვევს ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფას, რაც ხელს უშლის ცხიმის წვას.
მარიამ კუკუნაშვილი