ახალი ამბები მთავარი სამართალი

მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძვი – ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოში, სადაც “მთავარი არხის” დირექტორის პროცესი მიმდინარეობს, ნიკა გვარამია დასკვნითი სიტყვით წარდგა და იმ ბრალზე ისაუბრა, რომელიც მას წარდგენილი აქვს. გვარამია ასევე შეეხო სააკაშვილის საქმეს და ისაუბრა იმ მოცემულობაზე, რა პირობებშიც უწევს ბრძოლა ციხის კედლებიდან:

“მთავარი ჩემთვის არის ის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი. ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ.

არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი თან ჩემზე. მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა.

სამწუხაროდ, ამ თვეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, უბრალოდ სხვანაირად. ამიტომ, მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან. როგორც მიშა მაგალითად. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი არის უმძიმესად ავად. მოვიკითხავ მას აქედან და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და მიხედოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, ის ცოცხალი სჭირდება არამხოლოდ მის ოჯახს. აღარ გავაგრძელებ.

სიკვდილის გარდა, ყველა გამოცდილება არის ფასეული და საინტერესოა ისიც, რაც ეხლა ჩემს თავს ხდება, არავინ არ იფიქროს, რომ მე მომწონს იქ ყოფნა, ან მარტივია ზოგადად შვილების გარეშე, ცოლის გარეშე, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა. ყველაზე მეტად შვილების ნაწილი მიჭირს, იმიტომ, რომ სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება, აკრძალულ მაქვს, ბავშვებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ამას გადავიტანდი შედარებით მარტივად, მაგრამ, ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე” – თქვა ნიკა გვარამიამ.

მეორე ინსტანციის სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს. სასამართლოს ეზოში იმყოფებიან ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, “მთავარი არხის” თანამშრომლები და გვარამიას გულშემატკივრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ.

იტვირთბა....