ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება გვარამიას დღევანდელ პროცესზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, ამ პროცესის შემდეგ გამოჩნდება, შეცვალა თუ არა ხელისუფლებამ თავისი პოზიცია და გადაინაცვლებს თუ არა რუსული ორბიტიდან ევროპული ოჯახისკენ:
„ამ პროცესზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირმა შემოგვთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამია, რომელსაც არ აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, ამ პოლიტიკური პროცესის შედეგად მიიღებს საპატიმრო სანქციას, გამოვრიცხავ, რომ ამ ვითარებაში ევროპასთან ურთიერთობა შევძლოთ, ეს იქნება ძალიან ცუდი გზავნილი.
ძალიან ცუდი გზავნილი იყო მისი დაკავება და ამ პროცესზე არის დამოკიდებული, ხელისუფლება ცვლის თუ არა თავის პოზიციას ხალხის სასარგებლოდ. ხალხის პოზიციაა, რომ მას უნდა ევროპული არჩევანი, ხელისუფლება კი სულ უფრო მიდის რუსული ორბიტისკენ. ვინც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ორბიტაზეა, არ გვიხარია. ვამბობთ, რომ საქართველოს მომავალი არ შეიძლება იყოს პუტინთან ერთად, მაგრამ ბევრი სიმპტომია ამის დამახასიათებელი და ეს პროცესი არის ერთ-ერთი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.