ზანდუკელის ქუჩაზე ავტომობილის აფეთქების მცდელობა იყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ავტომობილი, რომლის აფეთქებაც სცადეს, საავტორო უფლებების ალტერნატიული ასოციაცია გერას გამგეობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე გვარიშვილს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის გარშემო ხმაური თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ორგანიზაცია არაერთხელ დაადანაშაულეს რუსული ინტერესების გატარებაში.
მედიასთან საუბარში გვარიშვილმა უარყო შემთხვევა, რომელიც მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
“კი, ზანდუკელზე ვცხოვრობ, მაგრამ არ გამიგია. რაზე ლაპარაკობთ არ ვიცი”, – თქვა გვარიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, გამოიკითხა თუ არა გვარიშვილი და რას უკავშირებს ფაქტს, რომელიც გუშინ მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

