“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოუწევს.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ბრალდებით არავინ გაუსამართლებიათ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია.
“ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლო სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ ამ მუხლით ადამიანები არ მიდიან საპატიმრო დაწესებულებაში. არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში გამონაკლისი განპირობებულია პოლიტიკური მოტივაციით და იმის გამო, რომ ნიკა გვარამია არის კრიტიკული მედია საშუალების გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ესაა ერთადერთი მიზეზი მისი ციხეში ყოფნის”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

