ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე – იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს.
სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა. ჯგუფის განცხადებით, გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავდა “მენეჯმენტის და მუშაობის ცხრილებს ბუშერის ბირთვული სადგურის სხვადასხვა ნაწილიდან”, და “ბირთვული განვითარების კონტრაქტებსა და ხელშეკრულებებს ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან”.