“უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანება” – ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელებაა .
“უკრაინის პრეზიდენტისა და რადას გადაწყვეტილება სამწუხაროა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. თუნდაც ის ფაქტი, რომ თავიდან უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში ბიზნესმენებიც იყვნენ, დღეს კი მხოლოდ დარჩნენ ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, კი ბატონო, გვანახონ, დანარჩენი კი, ვფიქრობთ, არის სრულად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანება – განაცხადა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.

