ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურიაში 23 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ძებნილი პოლიციამ თბილისში დააკავა

გურიაში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი პოლიციამ თბილისში დააკავა. საქმე ეხება 23 წლის ბიჭის მკვლელობას, რომელიც მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოხდა.

“მეტრონომი” დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. იგი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს”, – წერია განცხადებაში

იტვირთბა....