საკანონმდებლო ორგანოში, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში ილია დარჩიაშვილს უსმენენ, “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვა, მათ შორის ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე. სამადაშვილმა დარჩიაშვილის გამოსვლას უცნაური უწოდა:
„უცნაური გამოსვლა იყო. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი, რაც დასრულდა იმით, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თქვენ შეეცადეთ, წარმოგეჩინათ, როგორც წარმატება. არ ვიცი, თავს იტყუებთ თუ ჩვენ გვატყუებთ.
გაგვიზიარეთ, 12-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალიდან რომელი პუნქტებია დღეს შესრულებული. რა არის თქვენი მოლოდინი – საგარეო საქმეთა მინისტრი ხართ და პრივილეგირებული ინფორმაცია უნდა გქონდეთ იმის შესახებ როგორია ევროკომისიის შუალედური შეფასება – მორიგი კრახი ელოდება ქვეყანას წლის ბოლოს თუ თეორიული შანსი არსებობს. თუ არის შანსი, მაშინ გვითხარით, რატომ. ასევე, თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი მოთხოვნები შესრულდა, ან რომელს აქვს შანსი, რომ შესრულდეს?
მეორე კითხვა – მაინტერესებს მოვისმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის მკაფიო პოზიცია – თქვენი აზრით, არის თუ არა ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმი. ამის შესახებ დასავლეთში არაერთმა პარლამენტმა მიიღო განცხადება, ევროპარლამენტი კი ნოემბრის სესიაზე აპირებს მიღებას. თქვენ როგორ აფასებთ ამას – ჩადენილი აქვს თუ არა პუტინის რეჟიმს ომის და კაცობრიობის წინაშე დანაშაული უკრაინაში და მანამდე ჩვენს ქვეყანაში?
შემდეგი კითხვა ეხება თქვენს პოზიციას დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით – იზიარებთ თუ არა თქვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომ სანქციების რეჟიმს არანაირი შედეგი არ მოაქვს და თუ ეს ასეა, როგორ აპირებთ, რომ შეაკავოთ მაგალითად, ლუკაშენკო. საერთოდ, რა პოლიტიკას ატარებთ, რა იყო თქვენი პასუხი ლუკაშენკოს ვიზიტზე, რა გვემუქრება ამ მიმართულებით“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.