„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ წელს ქართულ დიპლომატიას განსაკუთრებულ ვითარებაში უწევდა მუშაობა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ გლობალური უსაფრთხოების საკითხი, არამედ გლობალური წესრიგის, როგორც ასეთის არსებობა. ურთულესი საერთაშორისო გარემოს მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახერხებს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებთან გამკლავებას, დგამს ქმედით ნაბიჯებს, მკაფიოდ და მიზანმიმართულად აგრძელებს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებას, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების უზრუნველსაყოფად.
„მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აფგრესიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის. ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.