ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, ჯოხი სხვაზე გადატეხოს – ელისაშვილი

“მოქალაქეების” დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, სანამ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მისი თქმით, დედაქალაქის მერი ჯოხის სხვაზე გადატეხვას ცდილობს. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი სისტემური პრობლემაა და სწორედ ეს არის გამოსასწორებელი:

“უხერხულია, როცა კახა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა ჯოხი სხვაზე გადატეხოს – სანამ გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.

სამწუხაროდ, ძალიან გრძელია ტრაგიკული ისტორიების ჩამონათვალი. 2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვს ძელი დაეცა და დაიღუპა. ამავე წელს “რუსთავი 2“-ის შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. შარშან, ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ახლა ვაკის პარკში ეს ტრაგედია მოხდა. სისტემური პრობლემის მთელი ჯაჭვია. ერთია – თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობა. 2009 წლიდან რომელი თანამდებობის პირი გადადგა და იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა? ან რომელი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს და არა ყავის მომდუღებლის თანაშემწე?! სისტემური პრობლემაა, თუ როგორ ტარდება ტენდერები, როგორია მოთხოვნა, ექსპერტების კვალიფიკაცია როგორ მოწმდება? სამშენებლო ნორმები არ არსებობს. თუ ამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ, მხოლოდ “გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა გადადექიც მნიშვნელოვანია!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....