ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე გააკეთე განცხადება და აღნიშნა, რომ მასში სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული შესწორება “ოცნებამ” საბაბად გამოიყენა. შავგულიძის განმარტებით, ამის მიზეზი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დოკუმენტისთვის გვერდის ავლა გახდა:
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული მე-4 შესწორება „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დოკუმენტისათვის მხარი არ დაეჭირათ – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს!
2022 წლის 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ’’, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პოზიციას შეიცავს. კერძოდ, რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია “ტერორისტულ რეჟიმად“; დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც აღნიშნული “რეჟიმი“ უნდა გაასამართლოს უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის; დასმულია საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ; რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისაგან მოითხოვს მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიებიდან.
ამგვარად, რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ და იგივე სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, მას ჩადენილი აქვს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-იან წლებსა და 2008 წელში“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.