ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქალაქის მერმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩეროს უფლებამოსილება – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ და რამდენიმე უფლებამოსილმა პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაცია, ზედამხედველობა და ჩაბარება, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს. მისი თქმით, პარლამენტის წევრები ვალდებულები არიან, ყველაფრის სისტემურად გამართვა უზრუნველჰყონ, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ მოხდეს:

“ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა, რომ ქალაქის მერმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაცია, ზედამხედველობა, ჩაბარება, გადმობარება, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩეროს უფლებამოსილება. ეს იქნება სწორი.

2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. კარის ძელი, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული, დაეცა 9 წლის ბავშვს და დაიღუპა ბიჭი. 2009 წელსვე, “რუსთავი 2”-ის შენობის რემონტის დროს ჩამოინგრა ეს შენობა, ორი ადამიანი მოყვა შიგ და დაიღუპა. 2018 წელს ვარკეთილში ჩამოვარდა მეტროს ჭერი. ღვთის წყალობით მხოლოდ 3 ადამიანი დაშავდა და არავინ დაღუპულა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ბათუმის ტრაგედიიდან, როდესაც სადარბაზო, რომელიც ისედაც ავარიული იყო, გამოუთხარეს საყრდენი კედელი არასწორად მიმდინარე რემონტის დროს და ჩამოინგრა მთელი სადარბაზო. გახსოვთ, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და ერთ ოჯახში დაიღუპა ოთხი ადამიანი. ახლა ვაკის პარკში მოხდა ეს ამბავი, რაც მოხდა და ერთი თავზეხელაღებული გმირი კაცი რომ არა, სამამდე გაიზრდებოდა ამ ტრაგედიისას დაღუპული ბავშვების რაოდენობა. ღვთის წყალობით, ორი ბავშვი გადარჩა და სამწუხაროდ, ერთი, 13 წლის ანგელოზი ბავშვი დაიღუპა. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ხომ ხედავთ რამხელა სიაა. არის ორი მიზეზი. პირველი მიზეზი – ერთი თანამდებობის მქონე პირი მითხარით, რომელიც გადადგა ამის შემდეგ სადმე – ან თბილისში, ან ბათუმში. ან ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც დააკავა გამოძიებამ.

ახლა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, სინამდვილეში აქ არის სისტემური პრობლემა როგორ, რის საფუძველზე ტარდება ტენდერები, რა კომპანიები მონაწილეობს. “შავ სიაში” მყოფი კომპანია იყო, რომელმაც ვარკეთილის მეტროში ჭერი გააკეთა, რომელსაც არანაირი გამოცდილება მეტროსადგურში მუშაობის არ ჰქონდა. ექსპერტიზა – ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, გადაიხდი 300 ლარს და რასაც გინდა დაგიწერენ, ზღვაზე გეტყვიან, რომ კლდოვანი გრუნტია, კლდეზე გეტყვიან, რომ ქვიშაა და ა.შ. რის მიხედვით ხდება აკრედიტაცია, რის საფუძველზე გაიცემა ეს საბუთები ამაშია პრობლემა და აქაა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი სისტემურად გავმართოთ, რომ ეს ტრაგედიები აღარასოდეს არ ხდებოდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იტვირთბა....