ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძემ ვაკის პარკში მომხდარზე რატომ დააკისრა პასუხისმგებლობა “ჭ” კლასის ხალხს, როცა მის გახსნაზე თავად იწონებდა თავს? – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე საკუთარი ნებით უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს. მისი თქმით, კალაძემ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სკევრი გახსნა და თავს იწონებდა “ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქსო”.

„პრობლემის თავია, როდესაც მერიის სატენდერო ჩანაწერში წერია ასეთი რამ: კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციას შეასრულებს, მათ შორის, შადრევნების ან კასკადის, სამხარაულის ექსპერტიზის ან აკრედიტებული კომპანიის დასკვნა უნდა წარმოადგინოსო. ვინ არიან ეს აკრედიტებული კომპანიები? – სამხარაული ძვირი ღირს და „ჭ“ კლასის კომპანიები – იაფი. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე “ჭ” კლასის კომპანიასთან, რომელიც ამბობს, ხარჯთაღრიცხვას ვამოწმებდიო, აი ეს არის სისტემური პრობლემა. ოფისი რომ არ აქვს კომპანიას, როგორ შეიძლება ასეთი საკითხები ანდო.

დღეს რომ „გრინსერვის პლუსზე“ და ფურცხვანიძეზე მიდის ხელის შეწმენდა, კატეგორიულად მიუღებელია. „გრინსერვის პლუსი“ პასუხისმგებელი იყო, ვიდრე ჩააბარებდა მიღება-გაფორმების საკითხს. 26 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და მერიამ ვაკის პარკი თავის ბალანსზე წაიღო. 26 აგვისტოს შემდეგ პასუხისმგებელია თბილისის მერია. მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაიფორმეს, მათ ბალანსზე გადავიდა და ვაკის პარკზე პასუხისმგებლები უკვე ისინი იყვნენ. თბილისის მერიის სისტემური ხარვეზის გამო მოხდა ეს, რადგან ასეთ ტენდერებს აცხადებს – რომელიღაც ჭ-კლასის კომპანიებს ანდობს ასეთ ამბავს“,- განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრას” ეთერში.

მისივე შეფასებით, ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კახა კალაძის გადადგომა და სისტემის გამართვა.

„თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს, რომ „ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქს“, „მე გავხსენი, მე დავახარჯვინე ფული“, – ხომ მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, ხომ გაიკეთა პიარი და მეორე დღეს ასეთი რამ როცა ხდება, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება “ჭ” კლასის ხალხს? სულ მცირე, ახლა კალაძეს თავისი ნებით უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება. იქნებ, მოწმეებზე ახდენს გავლენას. იქნებ, კაბინეტში იბარებს და თითს უქნევს.

ახლა ორი რამ იქნებოდა სწორი: კალაძის ადგილას აუცილებლად, გადავდგებოდი და მეორე, სისტემის გამართვა, სანამ კიდევ არ მოხდება უბედურება. მე არ ვაპირებ აქციებზე სიარულს და თითის გაშვერას. რომ არ იყოს 13 წლის ბავშვი დაღუპული, გაცილებით ხელებგახსნილი ვიქნებოდი. ამ საქმესთან დაკავშირებით, მერიის სისტემური ჩავარდნაა – ტენდერებთან დაკავშირებით, ზედამხედველობასთან დაკავშირებით, უფლებამოსილების გადანაწილებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში შესულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარივილის სიცოცხლე შეეწირა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: ipn

იტვირთბა....