მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, – ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისი თქმით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. დაბომბილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რუსი ოკუპანტები დღეს დილით თავს დაესხნენ ხარკოვსაც. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია თავდასხმის ქვეშაა”, – განაცხადა მერმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა დნიპროშიც, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა.
ასევე, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება იუწყება, რომ კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.