ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ლაზარე ლობჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება.
“ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა რეანიმატოლოგის მარინა ფირცხალავას ინფორმაციით, ბავშვი კონტაქტურია, თუმცა ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგი გრძელდება.
“ამ ეტაპზე სტაბილურია პაციენტის მდგომარეობა, სპონტანურ სუნთქვაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დახმარებას ამ მხრივ არ საჭიროებს. ცნობიერება ნათელია, კონტაქტურია, შეკითხვებს პასუხობს. მონიტორინგი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჰიპოქსია იყო ხანგრძლივი და მონიტორინგს საჭიროებს,” – ამბობს “ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა რეანიმატოლოგი, მარინა ფირცხალავა.