19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. ჭყონდიდელის დასახლებაში, შვილსა და დედას შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოყვა, სწორედ კამათის დროს 19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, სამზარეულოს დანით მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“ახალგაზრდა ქალბატონი მოყვანილ იქნა მუცელში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით. აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამჟამად კი მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ტრავმას. მძიმე შოკის კლინიკა იყო, სისხლის დანაკარგი იყო დიდი, გაეწია შესაბამისი დახმარება და ახლა უკეთ არის, თუმცა რჩება მძიმე მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ პაციენტი,” – განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ.
რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
წყარო: “ინფო რუსთავი”