ვაკის პარკში მომხდარ ტრაგესიასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იკითხება.
გამოკითხვაზე შესვლამდე გიგაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა:
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული პოლიციაში. აღნიშნული შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო რამდენჯერმე. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ, ექსპერტიზა კი აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ყველაფერი ჩაბარებულია ექსპერტიზის საფუძველზე“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებიც, სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.