აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ბჟანიამ ბიზნესმენებს აფხაზეთის არმიის დაფინანსება მოსთხოვა.
„დღეს თქვენ გამოთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოთ სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. თქვენი ქმედება ღრმა პატრიოტიზმის მტკიცებულებაა“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვის ანგარიში, რომელიც ხელმძღვანელობს მობილიზაციის მომზადების სამუშაო ჯგუფს. მან ჯარის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა.
„სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და თავის დროზე წარუდგენს კონცეპტუალურ წინადადებებს ქვეყნის ხელმძღვანელობას აფხაზეთის რესპუბლიკაში სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების შესახებ“, – განაცხადა პუსტოვალოვმა.
მეწარმეებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ შეიარაღებულ ძალებს.
„სამშობლოსთან, ხალხთან ახლოს ყოფნა მისი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია არ ვიყოთ გვერდით ამ მძიმე ვითარებაში, რადგან ყველა დაზარალდება უარყოფითი სცენარით“, – განაცხადა შპს „აფხაზეთის ღვინისა და წყლების“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი აჩბამ.
22 სექტემბერს ასლან ბჟანიას თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. იგი მიეძღვნა „რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს დამძიმებულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით“.
გარდა ამისა, აფხაზეთში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად და 26 სექტემბერს ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა ქალაქებისა და რეგიონების ხელმძღვანელებთან, სადაც დაინტერესდა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობებით.