ნატო-ს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტრები ხვალ შეიკრიბებიან და უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მინისტრები განიხილავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლო ვარიანტებს:
“ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს და ხვალ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იკრიბებიან, ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია თებერვლის შეჭრის შემდეგ.
რუსები ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ შენიღბული ბირთვული მუქარა მოსკოვიდან. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რეზნიკოვს. გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა და მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მინისტრ რეზნიკოვთან შეხვედრა გაიმართება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე მოგვიანებით სადილი ნატო-ს მინისტრებთან, სადაც ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.