რუსულმა FSB-მ ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. როგორც უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, დანაშაულში 12 პირია მონაწილე და ისინი უკვე იდენტიფიცირებულები არიან, მათგან 8 დააკავეს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც არიან გარეულები.
ამასთან, დასახელებული არიან სხვადასხვა რგოლში და სხვადასხვა ეტაპზე ამ ტერაქტის მონაწილეებიც, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქე, ვინმე სანდრო ინასარიოძე და ბროკერი “ლევანი” ფიგურირებენ. დასახელებული არიან ასევე, სამი უკრაინისა და ერთი – სომხეთის მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიხედვით, ტერაქტში ორი ტრაილერი მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიით, პირველმა მანქანამ, ქართული სახელმწიფო ნომრებით, ტვირთი ბულგარეთიდან ფოთის პორტში ჩაიტანა, საიდანაც მანქანა სომხეთში გადავიდა და ტვირთი განბაჟდა.
საერთო ჯამში მანქანაში 22 ე.წ. “პოდონი” და 9 ხვეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამალული, რომ რენტგენის მოწყობილობას ვერ უნდა გამოევლინა.
ამის შემდეგ კი, საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოიტვირთა.
ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის დროს ყირიმის ხიდზე 5 ადამიანი დაიღუპა – მანქანაში მსხდომები, რომლებიც ტრაილერთან ახლოს მოძრაობდნენ. დაღუპულთაგან ორი ოჯახური წყვილია.
7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.
ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს РИА Новости.
დივერსიულ-ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთში, ძალოვან სტრუქტურებს შორის გავლენების გადანაწილების შედეგია.

