რუსულმა FSB-მ ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. როგორც უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, დანაშაულში 12 პირია მონაწილე და ისინი უკვე იდენტიფიცირებულები არიან, მათგან 8 დააკავეს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ხიდის აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც არიან გარეულები.
FSB-ს მიერ გამოძიებული საქმის მასალების მიხედვით, GUR-ის აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის ფირის რულონებში დამალეს, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, იგი გაგზავნეს ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში.
“ტერაქტის ფაქტზე” დაკავებულთაგან ხუთი რუსია, სამი უკრაინის და სომხეთის მოქალაქეა. რუსული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთი ყირიმში არარსებულ კომპანიას ეგზავნებოდა.
“აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის რუსზე ხელშეკრულებით No02/08/2022 კიევის კომპანია Translogistic UA LLC-სა და ბულგარულ Baltex Capital S.A-ს შორის.
ბულგარეთიდან იგი საქართველოს პორტის ფოთისკენ გაემართა, შემდეგ კი სომხეთში.
გადაცემაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები ციურკალო მიხაილ ვლადიმროვიჩი, კოვაჩი დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები ინოსარიძე სანდრო, ბროკერი სახელად “ლევანი” და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.
29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. ახლა გამგზავნი არის შპს „GU AR GROUP“ (სომხეთი, ალავერდი), მიმღები კი შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).
საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოიტვირთა.
7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.
ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს РИА Новости.