ბოლო პერიოდში კლუბურ ნარკოტიკებში არსებული ნივთიერებები ფართო განხილვის საგანი გახდა, რადგან ორგანიზაცია “მანდალას” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შემოწმებულ პრეპარატებში ფენტალინი აღმოჩნდა. ეს ნივთიერება კი ორგანიზმისთვის იმდენად საშიშია, რომ შესაძლოა, მისი მიღება ფატალური შედეგით დასრულდეს.
როგორც ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართული ბრიფინგისას აღნიშნა, ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი:
„საუბარია, რომ ე.წ კლუბურ ნარკოტიკში – მეტამფეტამინში, ამფეტამინსა და ექსტაზის შემცველობაში არის ფენტანილის შემცველობა. კვლევების თანახმად, კლუბებში მოხდა ნარკოტიკული საშუალებების გამოკვლევა. აქ იყო MDMA-ს, ექსტაზის გამოკვლევა.
თუ მართლაც ისეა, რომ ნებისმიერ ნარკოტიკშია ფენტანილის შემცველობა, ეს პრობლემაა. ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი.
გარდა ამისა, ფენტანილის ჯგუფში, გარდა ფენტანილისა, კიდევ შედის სხვადასხვა ფენტანილის ისეთი სახეობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ფენტანილი. ანუ, ჯამში შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ თუ კარფენტანილის შემცველობაა შიგნით, მორფინზე ათიათასჯერ ძლიერ პრეპარატზე გვაქვს საქმე.
ეს არის გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით ექსპერტიზის დასკვნა. ამით თავს არ ვიმშვიდებ, თუ ნამდვილად არის ფენტანილის შემცველობა, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას, ეს შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს.
ბოლო კვლევა 2019 წელს იყო ჩატარებული. მითითებულია, რომ დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული „კლუბური ნარკოტიკების“ ხელმისაწვდომობა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს სიმშვიდის მომცემია, მაგრამ ხელმისაწვდომობა შემცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ნარკოდამოკიდებული გვყავს ამ ქვეყანაში.
2019 წლის კვლევის შედეგად, 280 სკოლის 3000-მდე მოსწავლე გამოიკვლიეს და ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების ფაქტი, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში რამდენიმე პროცენტით დაწეულია. ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალებებზე ხელმისაწვდომობა პროცენტულად დაწეულია 2015 წელთან შედარებით. რაც შეეხება მარიხუანას, კვლევას თუ დავეყრდნობით, დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი 15-16 წლის ასაკში მოხმარება როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. მნიშვნელოვანია, რომ აქ კითხვარი შემდეგნაირად იყო: ცხოვრებაში ერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა? ბოლო 30 დღის განმავლობაში გაუსინჯავს მარიხუანა? “,- განაცხადა მენაბდიშვილმა.