ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდი ოდენობით ვერცხლის, ოქროსა და მარგალიტის კონტრაბანდა საბაჟოზე – საგამოძიებო სამსახურმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის საბაჟოზე კონტრაბანდის გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ვერცხლის, ოქროსა და მარგალიტის სამკაულებს, რომელიც ერთ შემთხვევაში ბათუმის აეროპორტის გავლით, მეორე შემთხვევაში კი სომხეთის საზღვრიდან შემოჰქონდათ ქვეყანაში:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილ იქნა 217 გრამის ოდენობის ოქროს ნაკეთობები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

იტვირთბა....