“თქვენი კომპიუტერი დავირუსდა, თუ გინდათ ის კიდევ გამოიყენოთ, გადახდა მოგიწევთ” – ამ პრინციპზე აწყობილი თაღლითური სქემით 12-კაციანმა ჯგუფმა მსხვერპლებს, საერთო ჯამში, 767 000 ევრო გამოსძალა. ეს მანამდე, ვიდრე სქემა გაიშიფრებოდა.
შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქმეზე 4 პირი დააკავეს, 8-ს კი ბრალი წაუყენეს. ბრალდებულებს შორის, ქართველებთან ერთად, რუსეთის, ისრაელის და ბელგიის მოქალაქეებიც არიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად, საფრანგეთის მოქალაქეებს უგზავნიდნენ შეტყობინებებს ვირუსის შესახებ. შემდეგი საფეხური მითითებულ ნომერზე დარეკვა იყო. დაბნეულ მსხვერპლებს, რომლებიც შეტყობინების ფანჯარას ვერ თიშავდნენ, მეტი დამაჯერებლობისთვის უკვე ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომელი არწმუნებდა, რომ გადახდის გარეშე ხარვეზს ვერ გამოასწორებდა.
დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.