შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ქვეყანაში შემომსვლელი რუსების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
“სასაზღვრო-გამტარ პუნქტ “დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე- შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.
ამასთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალში” სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.