მთავარი მსოფლიო

კრიოპრეზერვაციის თანამედროვე მიღწევები: რატომ იყინავენ ადამიანები თავს და როდის ელიან ისინი ‘’მკვდრეთით აღდგომას’’

კრიოპრეზერვაცია ცოცხალი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გაყინვის მეთოდია ნულზე დაბალ ტემპერატურაზე. კრიოპრეზერვაციის შესაძლებლობისა და მისი გავლენის შესწავლა ცოცხალ უჯრედებზე 1776 წლიდან დაიწყო, თუმცა 1949 წლამდე უჯრედების კრიოპრეზერვაციის პრეცედენტს ადგილი არ ქონია. ინგლისელი მეცნიერი ერნესტ ჯონ კრისტოფერი იყო პირველი, ვინც აღმოაჩინა გლიცერინის კრიოპროტექტორული მოქმედება უჯრედებზე გაყინვის დროს და მანვე მოახერხა ცხოველური სპერმის გაყინვა. 1953 წელის კი, ამერიკელმა მეცნიერმა ჯერომ სერმანმა წარმატებით გაყინა და შემდეგ უჯრედების დაუზიანებლად გამოალღო ადამიანის სპერმა. მისსავე სახელს უკავშირდება მსოფლიოს პირველი სპერმის ბანკის შექმნა რომელიც ასევე 1953 წლით თარიღდება.

 

კრიობილოგია როგორც მეცნიერება 1664 წლიდან ჩამოყალიბდა და მის ირგვლივ გააერთიანა ბიოლოგები, ფიზიკოსები და ექიმები იმ მიზნით, რომ უფრო ღრმად შეესწავლათ ბიოლოგიურ სისტემებზე გაყინვის ზემოქმედება. ავსტრალიელმა მეცნიერმა ალან ტრუნსონმა 1983 წელს მიიღო პირველი ორსულობა გაყინული და შემდეგ გამოლღობილი ადამიანის ემბრიონებით.

 

მეცნიერული მუშაობის პროცესში მთავარ პრობლემას წარმოადგენდა უჯრედების გაყინვა ისე, რომ არ მომხდარიყო მათი დაზიანება გაყინვის დროს, ხოლო გამოლღობის შემდეგ უჯრედებს შესძლებოდათ თავდაპირველი  ცხოველმყოფლობით ფუნქციონირება. ამ პროცესებზე მუშაობის პერიოდში მეცნიერები დაკვირვებას ატარებდნენ იმ ეფექტებზე, რაც ქონდა გაყინვას ცოცხალ ორგანიზებზე, ასევე ამუშავებდნენ გაყინვა- გამოლღობის შედარებით უფრო დახვეწილ მეთოდებს.   ძირითად პრობლემას წარმოადგენდა უჯრედების კრისტალიზაცია და შესაბამისად მათი მსხვრევა დაზიანება გაყინვის დროს. ამავდროულად, ხდებოდა დაკვირვება გაყინვის პროცესზე ბუნებრივ პირობებში, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ წყლის დათვი უპრობლემოდ უძლებს გაყინვას იმის გამო, რომ გაყინვის დროს ბუნებრივად, მის ორგანიზმში არსებული წყლის ძირითადი ნაწილი მთლიანად გარდაიქმნებოდა შაქრად, რაც ხელს უშლიდა უჯრედების დაიზიანება-კრისტალიზაციას. გაყინვაზე ტოლერანტული აღმოჩნდა ასევე სამი სახეობის კუ, ერთი სახეობის გველი და ხუთი სახეობის ბაყაყი. ისინი სიცოცხლისუნარიანობას უბრუნებდნენ იმის შემდეგაც, როდესაც ხდებოდა მათ ორგანიზმში არსებული სითხის 65 პროცენტის გაყინვა.

 

მსგავსმა დაკვირვებებმა საშუალება მისცა მეცნიერებს აღმოეჩინათ ბუნებრივი კრიოპროტექტორები (გლიცეროლი და დიმეთილსუფოქსიდი), რომლებმაც შემდეგ ფართო გამოყენება ჰპოვეს ლაბორატორიულ პირობებშიც და დასაბამი დაუდეს ადამიანური ორგანოებისა და ადამიანების გაყინვა გამოლღობის მეთოდებზე მუშაობას.

 

ამჟამად, ცოცხალი ორგანიზმების გაყინვა ხდება 196 გრადუსზე, თხევად აზოტში. ამ ტემპერატურაზე, უჯრედებში საერთოდ წყდება ყველანაირი ბიოლოგიური აქტივობა. რაც შეეხება გაყინული ბიოლოგიური მასალის გამოლღობას, 1970 -იანი წლებიდან ეს ხდებოდა ე.წ „ნელი მეთოდით“, შესაბამისი პროგრამულ-კონტროლირებადი დანადგარის საშუალებით. ‘’ნელი მეთოდით’’ უჯრედების გამოლღობისას, ადგილი აქვს ტემპერატურის მატებას წუთში 1 გრადუსი ცელსიუსით. ეს საშუალებას იძლევა გაყინვის დროს უჯრედებში შეკავებულმა ზედმეტმა წყალმა მოასწროს მყარი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლა და უჯრედებიდან გამოსვლა. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კრიოპროტექტორების – გლიცეროლისა და დიმეთილსულფოქსიდის გამოყენების თანხლებით. 1980-იანი წლებიდან კი მეცნიერებმა გაყინვის სწრაფი მეთოდი‘’ ვიტრიფიკაცია’’ დანერგეს. ვიტრიფიკაციის დაწყებამდე უჯრედებს ამატებენ კრიოპროტექტორებს, რომლებიც არამარტო დამცავ, არამედ ‘’ ანტიფრიზის’’ ფუნქციასაც ასრულებენ. ტემპერატურის აწევა  კი სწრაფად ხდება, რომლის დროსაც მიმდინარეობს წყლის არა მყარი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლა, როგორც ეს ნელი მეთოდის დროს ხდება, არამედ ტემპერატურის ძალიან სწრაფად აწევის გამო წყალი ვერ ასწრებს თხევად მდგომარეობაში გადასვლას და მიიღება ამორფული ყინული. ამ მეთოდის შემუშავების შემდეგ მეცნიერებმა წარმატებით მოახერხეს კურდღლის თირკმლის გამოლღობა და ტრანსპლანტაცია კურდღელში.

 

1965 წელს სიცოცხლის გახანგრძლივების საზოგადოებამ ამერიკაში გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ მოახდენდა ერთი ადამიანის უფასო გაყინვას. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯეიმს ბედფორრდი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თანხმობა განაცხადა აღნიშნულ შეთავაზებაზე და მისი გაყინვა მოხდა 1967 წელს. ჯეიმსი ამ დრისათვის დაავადებული იყო თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის ბოლო სტადიით. კრიოლოგების ჯგუფი მის სიკვდილს რამოდენიმე თვე ელოდა მის სარეცელთან. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ კანონით ადამიანის გაყინვა შესაძლებელია მხოლოდ ლეგალური სიკვდილის, ანუ კარდიული (გულის) სიკვდილის დადგომის შემდეგ, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში იგი სისხლის სამართლის დანაშაულად, კერძოდ მკვლელობად ითვლება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გაყინვა ლეგალური სიკვდილის დადგომიდან რამდენიმე წუთში უნდა მოხდეს, მანამ სანამ მოხდება ტვინის სიკვდილი.

1

2012 წლის მდგომარეობით, უკვე 250 ადამიანია გაყინული, მათ შორის ამერიკელი კალათბურთელი ტედ უილიამსი. ადამიანებს, რომლებიც გაყინვის სურვილს აცხადებენ, ბრმად სჯერათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მედიცინა შეძლებს მათ უსაფრთხო გამოლღობას, ხოლო უამრავი კრიო ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან არამარტო მათი უსაფთხო გამოლღობის მეთოდების აღმოჩენაში, არამედ იმაშიც, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელნი ‘’აღსდგებიან’’ მკვდრეთით. ისინი ვარაუდობენ რომ 2045 წლისათვის მედიცინა, ნანოტექნოლოგიების დახმარებით, შეძლებს მომაკვდინებელი დაავადებების აღმოფხვრას და უჯრედული კვდომის შეჩერებას. მათ ასევე სჯერათ არა მარტო დაავადებების აღმოფხვრის შესაძლებლობების, არამედ სიბერის შეჩერების და უკვდავების თეორიების რეალობად ქცევის. მეცნიერთა თუ საზოგადოების დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობის მიზანი სხვა არაფერია თუ არა უკვდავების მანიით შეპყრობილი ადამიანების გაძარცვის მცდელობა. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება და კრიო ორგანიზაციებში გაწევრიანებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაყინვის გადასახადი ერთჯერადია და იგი 28 000 აშშ დოლარი ჯდება. თანხის გადახდის გარდა, აუცილებელია კრიოლოგების ჯგუფი სიკვდილის წინ იქვე იმყოფებოდეს, რაც ზოგჯერ არცთუ ისე ადვილი მოსახერხებელია. კრიო-ორგანიზაციები ერთჯერადი გადახდის გარდა, სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტსაც სთავაზობს საზოგადოებას. კრიო-ორგანიზაციებში გაწევრიანებული ხანდაზმული წევრებისათვის მხოლოდ 1250 დოლარია გადასახადი ერთჯერადად. ე.წ სტუდენტური პაკეტის ღირებულება კი 55 აშშ დოლარი ყოვეთვიურად.

 

 

შეძლებს თუ არა მეცნიერება გაყინული ადამიანების რევიტალიზაციას, ამაზე პასუხი დღეს არავის აქვს. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი უამრავ ეთკურ და მორალურ დილემას წარმოშობს,რომელიც ალბათ მაინც ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ‘’ არ მსურს სიკვდილი’’ აცხადებს ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის პროფესორი რობინ ჰანსონი ჟურნალისტებთან საუბრისას. ‘’მხოლოდ სიკვდილამდე’’ – სასიყვარული ფიცი კი ასე დადო ქორწინების ცერემონიაზე მისმა საცოლემ, იცოდა რა მეუღლის სამომავლო კრიოპრეზერვაციის გეგმებზე.

 

მარიამ კუკუნაშვილი

იტვირთბა....