ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რა თანხას იხდიან რუსები საქართველოში შემოსასვლელად – BBC

ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, რუსები ქვეყნის დატოვებას აქტიურად ცდილობენ, – BBC ვრცელ სტატიაში საქართველოს საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც მედიასთან საუბარში ზოგიერთი რუსი აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ საზღვრის კვეთის დროს პრობლემები ექმნებათ.

ირკვევა, რომ მესაზღვრეები სამხედრო გამოცდილების მქონე რუსებს საზღვარზე აჩერებენ და მათ სამხედრო კომისარიატში გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, თუ რამდენის გადახდა უწევთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად.

„მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივები აქტიურად დადიოდნენ და სთავაზობდნენ ხალხს გასვლის სხვადასხვა ვარიანტს სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ. მაქსიმალური ფასი ავტოსადგომიდან პირდაპირ საზღვრამდე დაახლოებით 150 000 რუბლია (7230 ლარი), ხოლო მინიმალური ფასი 15 000  რუბლია (723 ლარი) მხოლოდ პარკინგიდან გასასვლელად“, – განაცხადა ერთ-ერთმა რუსეთის მოქალაქემ მედიასთან საუბრისას.

ვრცელი სტატიიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის საზღვარზე საკუთარ რიგს 3 500 მანქანა ელოდება.

საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომანქანამ და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით თითქმის მეოთხედით მეტია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

იტვირთბა....