ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

საზღვრის გადაკვეთის მსურველთა დიდი ნაკადის გამო,  ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, – აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა.

„ძალიან დიდი შემოდინებაა და ასეთ ნაკადს არავინ ელოდა, საკანონმდებლო დონეზე ვერაფერს ვიზამთ, ვერც რესპუბლიკაში გადასასვლელს დავხურავთ, ვცდილობთ, რომ სპეციალურად მანქანებისთვის ელექტრონული რიგი შემოვიღოთ, მაგრამ საკითხი ძალიან რთულია…სავარაუდოდ, გადავწყვეტ ნაწილობრივ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას“, – განაცხადა მენიაილომ.

მან აღნიშნა, რომ საგუშაგოსთან დროებითი განსახლების ცენტრიც მოეწყობა, რადგან მამაკაცების გარდა რიგში ქალები და ბავშვებიც არიან. 

ასევე ადგილზე უკვე მორიგეობს სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების სამსახური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის დახმარებისთვის.

“გასული დღის განმავლობაში ზემო ლარსის საგუშაგოზე საზღვარი 12,5 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. აქედან 10,5 ათასს რუსეთის ფედერაციის დატოვება სურდა”, – განაცხადა მენიაილომ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

იტვირთბა....