ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

28 სექტემბერს ლარსზე საპროტესტო აქცია გაიმართება

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ორგანიზებით ხვალ, 28 სექტემბერს 15:00 საათზე ლარსის საბაჟო პუნქტზე აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მოქალაქეები 10:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ლარსისკენ გაემართებიან.

“რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.

რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.

შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ.

ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!”, – წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია  გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

რუსეთი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტს გახსნის

ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

იტვირთბა....