მუდმივად მქონდა ნიკა მელიასთან პრეტენზიები. სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი. ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, – აღნიშნულის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლთან განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, მელიამ პარტიის ლიდერზე მიხეილ სააკაშვილზე თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო, მაშინ როდესაც ყველაფერი იმ კაცის დაფუძნებულია.
“მისი პარტიის ლიდერზე ჯერ თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო. ფინანსი, სახელი, ყველაფერი იმ კაცის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია. ციხეში მყოფ კაცზე თუ მოიგონებ, რომ მეგობარიაო, თორემ ის თქვა, რომ არ არის მეგობარიო, ასეთი არაფერი გამიგია. არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, ვთქვი ძალიან ბევრჯერ, რუსთაველზეც და მოჰყვა ამას ქილიკი.
დიახ, ნამდვილი ბრძოლა გახლავთ პარლამენტშიც და რუსთაველზეც, არაფერი საქილიკო არ არის, რადგან რაოდენობაზე უფრო დიდი იარაღი ოლიგარქატთან ბრძოლის დროს, არაფერია. ზუსტად ეს რაოდენობა გაუშვა რამდენიმეჯერ სახლში მელიამ. მან მოიტანა უძრაობა, მან დაიყვანა 29%-იანი პარტია 8%-მდე. ერთი დეტალი მითხარით, რატომ უნდა დარჩეს ეს ადამიანი პარტიაში. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას.
ლიდერები იცვლებიან, რა პრობლემაა, რომ თავმჯდომარე გამოცვალონ, რა არის აქ საოცარი. პარტია იმისია, რომ გამოცვალონ, თუკი ვერ შეასრულა რაღაც. ლიდერი, რომელმაც გაამეოთხედა შედეგი, 29 პროცენტიდან 8%-მდე, უძრაობაში მოიყვანა პარტია. მისი ლიდერი მძიმდება ციხეში და პარტია უმოძრაობაშია. აბა, რა არის ლიდერის მოქმედება სხვა”, – აცხადებს ჩარკვიანი “პირველ არხთან”.