ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“მთავრობის სხდომაზე დღესაც არ დამიშვეს, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდესო” – თელარა გელანტია

BMG-ის რედაქტორი თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის სხდომაზე დღესაც არ შეუშვეს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს: “სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო”.

“არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია)

მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე!

შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ – აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო – იყო პასუხი….

ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე – მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა”, – წერს თელარა გელანტია.

ცნობისთვის, ამაზე ადრე BMG-ის რედაქტორმა თელარა გელანტიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე ბევრი კითხვის დასმის გამო, არ შეუშვეს.

როგორც ჟურნალისტი წერს, უჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მთავრობის ადმინისტრაცია მისმა ერთ-ერთმა სიუჟეტმა გააღიზიანა.

&nbsp

იტვირთბა....