“გაზპრომი” აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას”.-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გახსოვთ, “გაზპრომთან” შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და რუსული კი ეშმაკურად გაამჟღავნებდა ხოლმე? თუ თავი გაქვთ, დაიცავით პოზიციები თქვენს ქვეყანაში და გვაჩვენეთ, შგიძლიათ თუ არა პრობლემების მოგვარებაო. ამას ნიშნავდა ეს. მსგავსი რამ ხდება ახლაც. სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ “გაზპრომი” აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის “გაჟონვას” უზრუნველყოფს.
ფხიზლად უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ეს არ დაუშვას!
თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრ რამეს სულ სხვა რაკურსით დავინახავთ.
არ ვიცი, თუ რამდენად მოეწონებათ მათ, ვინც ეს ინფორმაცია “შემთხვევით” შემომიგდო, მისი ამ ფორმით გავრცელება. ან იქნებ, მიზანიც ეს იყო. მიდით და უზრუნველყავით ადგილზე სასურველიო ფონიო.
ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს “გაზპრომის” პრინციპია: სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი”.-წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რუსული გაზის კომპანია “გაზპრომთან” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს.ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მალე აღნიშნული მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგს გამოიღებს და საქართველო “გაზპრომიდან” გაზს შეიძენს. სამინისტროს მტიკცებით, რუსეთიდან მხოლოდ მცირე მოცულობის გაზის მიღება განხორციელდება, ამასთანავე კონტრაქტი “გაზპრომთან” ერთწლიანი იქნება.